დღესასწაულების აღნიშვნა ჰერეთში


დღესასწაულების აღნიშვნა ჰერეთში



ჰერეთში ისევე როგორც მთელ საქართველოში აღინიშნება სხვადასხვა დღესასწაული. ყველაზე მთავარი ქრისტიანული დღესასწაული აქ აღდგომა, შობა და გიორგობაა. შობის და აღდგომის ღამეს ჰერელი ხალხი ეკლესიაშია, წირვა-ლოცვით ათენებს და ხვდება ამ ბრწყინვალე დღესასწაულებს. აღდგომის დილით უხუცესები სასაფლაოზე გადიან თავიანთი მიცვალებულების სულის მოსახსენებლად…. გიორგობა ჰერეთში განსაკუთრებულად აღინიშნება (23 ნოემბერი - 6 მაისი). ამ დღეს საქართველოდან ჩამოდიან სტუმრები და საქართველოში მცხოვრები ჰერები. მრევლი ჯერ კახის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში ესწრება წირვას და შემდეგ მიდიან ქურმუხის წმ.გიორგის დიდ საყდარში, რომელიც კახის რაიონიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული და რომელიც მაღლა, კავკასიონის ფერდობზე, ერთ უზარმაზარ კლდეზე მოჩანს. ამ დღეს მიყავთ შესაწირი (ცხვარი, მამალი) ყველა გახარებული და ბედნიერია. ერთმანეთს ულოცავენ გიორგობას: ”შეგეწიას…დაგიმადლას…” იქვე მოედანზე იმართება ჭიდაობა დოლ-გარმონის და ზურნის თანხლებით, სადაც ახალგაზრდობა ერთმანეთს ეჯიბრება. მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სოფლის და საქართველოდან ჩასული ახალგაზრდები. გამარჯვებული საჩუქრდება ბატკნით… და ბოლოს ჰერები ბუნების წიაღში მიეცემიან ლხინს: მღერიან, ცეკვავენ, ადიდებენ უფალს, წმ.გიორგის და იშლებიან იმ იმედით რომ ჰერეთი ოდესღაც დაუბრუნდება მოწყვეტილ დედა-სამშობლოს…

No comments:

Post a Comment